"შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის" შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის მე-2 ოქმით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მხრივ საქართველო unesco-ს პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს. ქვეყნის მიერ განხორციელებული ქმედითი ღონისძიებები ჟენევაში, შვეიცარიის მთავრობისა და unesco-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე აღინიშნა, რომელიც ჰააგის კონვენციის მე-2 ოქმის 20 წლისთავს.მიეძღვნა. 2 დღიანი ფორუმის ფარგლებში კონვენციის მე-2ოქმის წევრი სახელმწიფოებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოქმის ეფექტურობა და მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. unesco-ს მოწვევით, კონფერენციის თემატურ პანელში მონაწილეობა მიიღო საქართველოს წარმომადგენელმა სოფიო ჩიხრაძემ, რომელმაც მონაწილე დელეგაციებს ოქმის შესრულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
კულტურულ ფასეულობათა დაცვის ჰააგის კომიტეტის მიერ მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლებისთვის 2016 წელს მინიჭებული „გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის“ სტატუსის საფუძველზე საქართველომ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც საქართველოს მხრიდან ჰააგის კონვენციის შესრულების მნიშვნელოვან კონტრიბუციად შეფასდა.
ისტორიული ძეგლების განსაკუთრებული დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ოფიციალურმა უწყებებმა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაძლიერების მიზნით უკვე გაიარეს სპეციალური საწრთვნელი კურსი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, UNESCO-ს „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ კონვენციის სამდივნოსა და UNESCO -ს თანამშრომლობით წარმართული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის სექტემბერში უკვე ჩატარდა ქართველი სამხედრო ტრენერებისთვის გადაუდებელ ვითარებაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის უზრუნველყოფის სპეციალიზებული მეცადინეობები.
„შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ კონვენციის შესრულების ამოცანის თანახმად კი, სათანადო ვითარებაში დაცვის სტატუსის მქონე ძეგლების იდენტიფიცირებისთვის სახელმწიფოს მიერ „გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლების“ განსაზღვრული არეალები სპეციალური განმანსხვავებელი საინფორმაციო მანიშნებით აღიჭურვა. მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე „ლურჯი ფარის“ საინფორმაციო ტრაფარეტების განთავსება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო.
*ჰააგის 1954 წლის კონვენციის მე-2 ოქმს საქართველო 2009 წელს მიუერთდა.