გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფ.ჭერემში მდებარე გვიან შუა საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჭერემის წმ. გიორგის ეკლესია დგას შუა სოფელში, საეპისკოპოსო ტაძრის ჩრდილოეთით რამდენიმე მეტრში. დარბაზული ნაგებობაა (12.1×7.3 მ). აშენებულია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. დასავლეთის კარი შიგნიდანაც და გარედანაც არქიტრავული გადახურვით სრულდება. მოგვიანებით კარის ჭრილი დაუვიწორვებიათ. სამხრეთის კარი ამჟამად ამოშენებულია. საკარე ღიობი კედლის ჩაღრმავებაშია გაკეთებული, რომელიც შეკიდულ იმპოსტებზე გადასული თაღით სრულდება. თაღს ქვემოთ ტიმპანია ჩასმული, რომელზეც ჯვარი და გრეხილი ლილვია მოცემული. ტაძარს აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო, ხოლო სამხრეთით ორი თაღოვანი სარკმელი აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. მათზე გადასულ თაღს კონქი ეყრდნობა. აბსიდის ღერძზე ერთი სარკმელია გაჭრილი, რომლის ჩრდილოეთით ორი, სამხრეთით ერთი, ხოლო სარკმლის ქვეშ ასევე ერთი ნიშაა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომელთა განაპირა საფეხურიდან კედლის დეკორატიული თაღები გადადის, შუა საფეხურს კი კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. წყვილი პილასტრი დასავლეთის კუთხეებშიცაა, რომლებსაც დასავლეთის კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია გადაყვანილი. პილასტრები და პროფილირებული კაპიტელები ნათალი ქვითაა გაკეთებული. კონქი გაჯითაა გალესილი. სამხრეთის თაღედებში კარ-სარკმლებია გაჭრილი. ტაძრის ორფერდა სახურავის დასავლეთ ნაწილში სამრეკლო ყოფილა დაშენებული. ახლა ის მოშლილია. ტაძრის მორთულობა მწირია: დასავლეთ კედელში სარკმლის ჭრილი ლუნეტის და მის თავზე მოცემული რელიეფური ჯვრითაა გაფორმებული, აღმოსავლეთის ფასადში სარკმლის თავზე რელიეფური ჯვარია, სამხრეთის კედლის მორთულობა კი კარის ტიმპანია.