თელავის მუნიციპალიტეტის, სოფ.რუისპირში მდებარე XVIII საუკუნის ადამაანთ ციხეს 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ადამაანთ ციხე მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისპირში. აგებულია მე-18 ს. ბოლოს. ციხე სათავდაცვო-საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც შუაში კედლითაა გაყოფილი. ციხის ერთი ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე მეორე, თუმცა ორივე ნაწილი სამსართულიანია. ციხის ორივე ნაწილის პირველი სართული მარანია, მეორე სართული - საცხოვრებელი, ხოლო მესამე სართული საბრძოლო ბანია. მარანის სამხრეთი ნაწილი საწნახელს ეკავა, მეორე ნაწილში კი ქვევრებია ჩადგმული. მარნის ამ ნაწილში ორი კარია დატანებული. მეორე სართულზე შესასვლელი ციხის ჩრდილოეთ ნაწილის მეორე სართულზე არსებული კარიდანაა, სადაც ხის კიბით ადიოდნენ. მეორე სართულის ორი დარბაზი ერთმანეთთან კარით იყო დაკავშირებული. აქედანვე იყო ასასვლელი საბრძოლო ბანზე. ციხის თითოეულ სართულზე სარკმელ-სათოფურებია, საბრძოლო ბანი კი ქონგურებით სრულდება.