ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ.ჩუკულში, უბან „ნაკიშერში“ მდებარე ონიანის კოშკსა და მაჩუბს 2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ონიანის კოშკი და მაჩუბი გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. მაჩუბი ორსართულიანია. პირველ სართულზე ბოსელი და საკუჭნაოა. შესასვლელი აღმოსავლეთის კედლის შუაშია. შესასვლელის ორივე მხარეს განიერი სარკმელია. ჩრდილოეთ ნაწილში კიდევ ერთი ვიწრო და მაღალი სარკმელი. დასავლეთის კედელში სათოფურის მაგვარი ღიობებია. სამხრეთ და დასავლეთ კედლის გაყოლებაზე 2 მეტრის სიგანეზე საქონლის დასაბმელი ხის თაღებიანი ბარიერია. მის წინ ბაგაა მოწყობილი. ბარიერი შემკულია ჭედური ორნამენტით, ჭარბობს სამკუთხედებისა და ბორჯღალის გამოსახულება. ბოსლის ჩრდილოეთ კედელში 4 თაღჩაა გაკეთებული. ბოსელი გადახურულია ხის დედაბოძზე დამყარებული მორებით, დირებითა და კოჭების ოთხკუთხა წყობით, რომლებზეც დალაგებულია ფიცრები. ფიცრების ქვეშ მოწყობილია კერა. მეორე სართული საცხოვრებელია. შედგება ერთი დიდი ოთახისგან. ნაგებია მხირე ზომის ფიქალებით. იატაკი ფიცრულია. ცენტრში კერიის ადგილია მობათქაშებული. აღმოსავლეთ კედელში ორი კარი და სამი ფანჯარაა. სამხრეთის კედელში - ორი ფანჯარა და კარი. დასავლეთ კედელში - ერთი ფანჯარა, ჩრდილოეთისაში ორი კარი. ერთი კარით დარბაზი კოშკს უკავშირდება, მეორე კართან კიბეა მიდმული და მცირე აივანზე გადის. კედლის შუაში ორი თაღჩაა - ერთი სწორკუთხა, მეორე - თაღოვანი. დარბაზი გადახურულია ორფერდა სახურავით, რომლის ხის კარკასიც ეყრდნობა დედაბოძს. დახურული იყო ფიქალით, ახლა უკვე - თუნუქითაა. დარბაზს აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს აივანი, რომელზე ასასვლელი ფიქალის კიბე ახლა ლითონის კიბითაა შეცვლილი. აივანი ვრცელდება სამხრეთ ფასადზეც. კოშკი ოთხკუთხაა. ნაგებია ფიქალისგან. ოთხსართულიანია. პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. პირველი სართული მარანია. აქედან მეორე სართულზე ასვლა სამხრეთ-დასავლეთ კიდეში დატანებული ჭრილიდან ხის კიბის საშუალებით ხდებოდა. მეორე სართული სამხრეთი კარით მაჩუბს უკავშირდება. კედლის კუთხეებში თაღჩებია გაკეთებული. კედლებში აქვს სარკმელი და სათოფურები. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მესამე სართულზე ასაძრომი ვრელია. მესამე სართულს მხოლოდ ერთი სარკმელი აქვს. დანარჩენი ნაწილი ყრუა. მეოთხე სართული საბრძოლო სხვენია. კედლებში ჩატანებულ ნიშებში სათოფურებია გაკეთებული. კოშკის სართულშორისი გადახურვა ხისაა. თავად კოშკი თუნუქითაა გადახურული. კოშკის ფასადები შელესილი ყოფილა. შემორჩა ფრაგმენტები.