საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებრივ კლუბს „ემეგობრე მემკვიდრეობას“ საჯარო სამსახურის ბიურო უერთდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფის მიზნით დღეს ორი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ და ნიკოლოზ ანთიძემ, ურიერთთანამშრომლობის მემორამუმს მოაწერეს ხელი. საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მიმართულებით გაფორმებული დოკუმენტი ერთის მხრივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ კი საზოგადოებრივ კლუბში საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების გაწევრიანების ხელშეწყობას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის საკითხებში მათ აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. მემორანდუმით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობის განხორციელება მხარეთა შორის წერილობით შეთანხმდება. ხელმოწერილი დოკუმენტი სამი წლის ვადით იმოქმედებს. * ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კამპანია „ემეგობრე მემკვიდრეობას“ 2017 წლის ივლისის თვეში წამოიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების, ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კამპანიაში ფართო საზოგადოებრივი წრეების აქტიური ჩართვის მიზნით, ამავე სახელწოდების კლუბი სააგენტომ 15 ივლისს ოფიციალურად დააფუძნა. კლუბის პარტნიორებად სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებთან ერთად სამოქალაქო, პროფესიული და სხვა საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები ნებაყოფლობით წევრიანდებიან. წლიური საწევრო შენატანების სახით აკუმულირებული თანხა 2018 წელს სახელმწიფო სახსრებთან ერთად თანადაფინანსების ფორმით 6 ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრულფასოვანი რეაბილიტაციისკენ მიიმართება. „ემეგობრე მემკვიდრეობას“ კლუბის წევრად რეგისტრირება მსურველებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის www.heritagesites.ge - ს მეშვეობით შეუძლიათ, სადაც შექმნილია საწევრო შენატანის ელექტრონული სისტემა. გაწევრიანების შემდეგ, მოქალაქეები კლუბის საწევრო ბარათებს მიიღებენ, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ გაერთიანებული მუზეუმ-ნაკრძალებსა და მეზეუმებში, სხვა უწყებების სამუზეუმო და კულტურულ დაწესებულებებსა და პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების კომერციულ ობიექტებში სპეციალური შეღავათებით ისარგებლებენ