საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით 18 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა არქეოლოგიური კვლევა-ძიების პირველი საანგარიშო სესია. 3 დღიანი ფორუმი 2017 წელს წარმოებული საველე არქეოლოგიური გათხრების შედეგებს შეაჯამებს, რომელსაც ფართო საჯარო განხილვებისას 100 მდე მკვლევარი და არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი წარადგენს.
ღონისძიება გახსნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. სესიის პირველ დღეს თავიანთი ანგარიშები წარმოადგინეს არქეოლოგებმა - ვახტანგ ჯაფარიძემ, კონსტანტინე ფიცხელაურმა, ზვიად კვიციანმა, ნიკო მურღულიამ, ნიკა თუშაბრამიშვილმა, გოდერძი ნარიმანიშვილმა, ზურაბ გიორგაძემ, გიორგი ლაღიაშვილმა და გურამ ყიფიანმა. სესიის დასასრულს გაიმართა სამეცნიერო დისკუსია.
საანგარიშო სესიების სახით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საფუძველს უყრის ტრადიციულ ფორმატს, რომელიც საანგარიშო წლის განმავლობაში არქეოლოგიური კვლევების შედეგებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების საზოგადოებისთვის გაცნობას, არქეოლოგიასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების განსჯას ისახავს მიზნად.
გასულ წლებამდე, არქეოლოგია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი დარგი, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამეცნიერო მიმართულება განიცდიდა ახალი პროფესიული კადრების ინტერესის დაქევითებასა და შევსების კრიტიკულ ნაკლებობას, რაც მეტწილად არასათანადო დაფინანსებით იყო განპირობებული.
სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის აქტიური ჩართულობით 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დისციპლინისადმი. რადიკალურად შეიცვალა. 3 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა დარგის დაფინანსება. სახეხლმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 34 აქრეოლოგიური ექსპედიცია, რომელთა ჯამური ხარჯები 1,648 მილიონი ლარით განისაზვრა. დაფინანსების ეს პარამეტრები ქვეყნის პოსტსაბჭოთა რეალობისთვის უპრეცედენტოა, რაც გასული 25 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
არექეოლოგიური კვლევის ანგარიშებს, სასესიო მასალების სახით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს ბეჭდურად გამოსცემს. გაზრდილი საბიუჯეტო ასიგნებების საფუძველზე, სააგენტო 2018 წელს არქეოლოგიური კვლევა-ძიების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. სააგენტოს ინიციატივითვე, მომდევნო წლიდან არქეოლოგიურ ექსპედიციებს სახელშეკრულებო პირობებში მინიმუმ 5 სტუდენტის ჩართვა ვალდებულების სახით განესაზღვრებათ, რაც დარგისთვის პრაქტიკული გამოცდილების მქონე კვალიფიციური კადრების მობილიზებას უზრუნველყოფს.