ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის საკრებულოს სოფ. არჩეულში მდებარე ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს 2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურული ტიპის ოდა-სახლი აგებულია წაბლის ხის მასალისაგან, ერთსართულიანია, შემდგარია ქვის ბოკონებზე.,შედგება სამი ოთახისგან. შენობას ამშვენებს რიკულებიანი აივნები ხის კიბით, გადახურულია მარსელის კრამიტით, სამთავე ოთახში არის ბუხარი. სახლი საგვარეულო იყო, იგი ეკუთვნოდა ეგნატეს მამას , ბიძას და მამიდებს . ოთახები მოწყობილია მათი მემორიალური ნივთებით. სახლს გარშემო აკრავს ნაკრძალი ტყე, ასწლოვანი ხეებით, საერთო ფართობით 7 ჰექტრამდე.