კულტურული მემკვიდრობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესში ბიზნეს სექტორი აქტიურად ერთვება 2018 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამაში კიდევ ერთი მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ჩაერთვება. 3 წლიანი პროექტის ფარგლებში ფიტარეთის მონასტრის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდის, ალავერდისა და შუამთის სამონასტრო კომპლექსების რეაბილიტაციის პროცესს კომპანია RMG დააფინანსებს. სასტუმრო Tbilisi Marriott-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის, მანგლისი-თეთრიწყაროს, ნიკორწმინდისა და ალავერდის ეპარქიებთან და კომპანია RMG გენერალური დირექტორთან ჯონი შუბითიძესთან ერთად ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2018-2021 წლების განმავლობაში ეროვნული კატეგორიის ძეგლებზე სხვადასხვა მიმართულების სამუშაოების წარმართვას თვალისწინებს. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და მათი რეაბილიტაციის ერთობლივ პროექტებს შეიმუშავებენ, რომლებიც საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ საბჭოებთან შეთანხმდება. უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციისათვის კომპანია RMG რამდენიმე მილიონ ლარს გამოყოფს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის პროექტში ჩართვის ინიციატივა კომპანია RMG-ს ეკუთვნის. საკულტო ნაგებობებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები კომლექსურ მიმართულებებს მოიცავს და ის ქვის კონსერვაციის, გადახურვის რეაბილიტაციას, კედლის მხატვრობის რესტავრაცია-კონსერვაციას, ასევე, არქეოლოგიური კვლევის პროცესს ითვალისწინებს.