საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 1-3 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსს უმასპინძლა. 3 დღიან ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა კონკურსანტებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსის მიზანი კი იმ პირთა გამოვლენა იყო, რომლებმაც ზეპირად იციან შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა, ამაყობენ თავიანთი ცოდნით და აგრძელებენ ტრადიციას. საკონკურსო დღეს, „ვეფხისტყაოსნის“ საუკეთესო მცოდნენი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. მონაწილეთაგან გამარჯვებული ტყიბულის მკიდრი ანრო ცირეკიძე გახდა. კონკურსის მე-2 ადგილი მანანა მესუაშვილს ერგო, ხოლო მე-3 ადგილის კი ნათელა ლანჩავამ და თინათინ სიყმაშვილმა გაიყვეს. წლევანდელი ღონისძიების შეცვლილი ფორმატი უფროსი ასაკის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებსაც აძლევდა კონკურსში ჩართვის, პოემის ზეპირად ცოდნის უნარის გამოვლენისა და ჟიურის მიერ შეთავაზებულ სიუჟეტზე ინსცენირების წარმოდგენის საშუალებას. მათ შორის გამარჯვებული ჟიურიმ დამატებით კატეგორიაში გამოავლინა, სადაც გამარჯვებულის სტატუსი ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს ვაჯა მაშალეიშვილს მიენიჭა. პოემის ზეპირადმცოდნეთა მიმართ შეცვლილი იყო მოთხოვნებიც, რაც სასურველ უცხო ენაზე პოემის მინიმუმ 10 სტროფის ზეპირად წაკითხვასა და შეთავაზებულ თემაზე ესეს დაწერას გულისხმობდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კონკურსს მხარდაჭერას უწევდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ფონდი. 2015 წელს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით,"ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის უდიდეს სულიერ ღირებულებას და მნიშვნელობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისათვის. * არამატერიალური მემკვიდრეობა საზოგადოების კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მოიცავს ზეპირსიტყვიერებას, ადათ-წესებს, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმებს, ცოდნასა და ჩვევებს, მათთან დაკავშირებულ კულტურულ სივრცეებს; ყველაფერს, რაც ტრადიციულ კულტურას უკავშირდება, თაობიდან თაობას ცოდნის სახით გადაეცემა და გაფრთხილებასა და შენარჩუნებას, ხშირ შემთხვევაში კი დაცვასა და აღორძინებას საჭიროებს. ამ სფეროს წარმატებული დაცვისათვის კი უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აქტიური მონაწილეობა, ტრადიციების მოძიება, ფიქსაცია, დაცვა.