ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე გადაუდებელი ქმედებების პირველ ოთხწლეულთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 1 დეკემბერს, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, საზოგადოებას შესრულებული სამუშაოების სპეციალური ანგარიში და მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მომავალ წლებში დასაგეგმი ღონისძიებები წარუდგინა.
1 დღიანი კონფერენცია, რომელიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის საინფორმაციო სივრცეში გაიმართა, 20-ზე მეტი საერთაშორისო, სახელმწიფო, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაცია გააერთიანა. ვარძიის უნიკალური ძეგლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ფორუმს, სახელწოდებით „კულტურული ლანდშაფტი, გეოლოგიური მემკვიდრეობა და ბუნებრივი საფრთხეები“, 15 მომხსენებელი ყავდა. გეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე მიდგომების, ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გეოლოგიური საფრთხეების კვლევისა და საკონსერვაციო გეგმის თემაზე მსმენელების წინაშე იუნესკოს კათედრის ხელმძღვანელი, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუდიო მარგოტინი წარსდგა, რომლის აქტიური კონსულტაციების საფუძველზეც წარიმართა ვარძიის კლდის გამაგრების უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები.
მოხსენებები ასევე შეეხო: კლდის მექანიკური მახასიათებლების, სამგანზომილებიანი სტაბილურობისა და კლდის ცვენის მოდელირების, კედლის მხატვრობის კვლევისა და გადაუდებელი კონსერვაციის, კულტურული ლანდშაფტების მართვისა და ვარძია - ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის სივრცითი მოწყობის ზონირებისა და ინვენტარიზაციის თემებს. კონფერენციის მომხსენებლებმა ისაუბრს ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტის კვლევის, დაცვისა და მართვის გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ქმედებებზე.
ვარძიის უნიკალური კომპლექსის გადასარჩენად სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს ამოქმედდა, რომელიც წამყვანი საერთაშორისო და ქართული ინსტიტუციების მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა. სახელმწიფოს და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა გადარჩენის ფონდის, ფონდი „ქართუს“თანადაფინასებით, მულტიდისციპლანრული კვლევების საფუძველზე შემუშავებული საკონსერვაციო გეგმის მიხედვით განხორციელდა კლდოვანი მასივების სტრუქტურული გამაგრება; გაიწმინდა და დამთვალიერებელთათვის გაიხსნა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის 8 იარუსიანი ახალი უბანი; მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია.
პარალელურად, ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის კვლევის, დაცვისა და მდგრადი განვათარების მიმართულებით, რეგიონალური განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, სხვადასხვა უწყებების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ქმედებები. მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტისათვის მომზადდა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინასებული რეგიონალური განვითარების მესამე ეტაპის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აწარმოებს ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს; უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი კერძო ინციატივები ისტორიული დასახლებების - ჭაჭკარისა და საროს რეაბილიტაციის, ისტორიული სასოფლო-სამეურნეო ტერასების აღდგენის და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კუთხით.