საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ჟურნალ „არქეოსპექტრის“ მეორე ნომერი. სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ორენოვანი ჟურნალი (ქართული, ინგლისური) დატვირთულია თეორიულ-აღწერილობითი, ინოვაციური, აგრეთვე, საგანმანათლებლო მასალებით.
ჟურნალის მთავარი რუბრიკა „არქრეოსპექტრის ქრონიკა“ მკითხველს აცნობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირეტორის, ნიკოლოზ ანთიძის ხუთწლიანი მოღვაწეობის შედეგებს არქეოლოგიის მიმართულებით. ქრონიკის მეთაური სტატია - „საქართველოს არქეოლოგია და ნიკოლოზ ანთიძის 5 წელი“ ობიექტურად ასახავს სააგენტოს მიღწევებს, როგორც დარგის სამეცნიერო განვითარების მიმართულებით ისე, მისი პოპულარიზაციისა და არქეოლოგიური ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.
ჟურნალის „არქეოლოგიური დაიჯესტი“ მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წელს დაფინანსებული არქეოლოგიური ექსპედიციების დინამიკასა და შედეგებს; გთავაზობთ ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებს სათხესა და სამშვილდეში, ღვაწლმოსილი მეცნიერის გურამ ლორთქიფანიძის უკანასკნელ ინტერვიუს; აქვე გამოქვეყნებულია არქეოლოგ ზურაბ ბრაგვაძის სამომავლო ხედვებზე ორიენტირებული სტატია „არმაზისხევის პიტიახშთა სახლი“, ლერი ჯიბლაძისა და რევაზ კვირკვაიას ხედვები კოლხეთის მდინარეებში აღმოჩენილი არტეფაქტების ფუნქციის შესახებ.
„არქეოსპექტრმა“ თავისი ახალი რუბრიკით „ცივილიზაციათა გზაჯვარედინის „არქეოსპექტრული“ ცენტრიდან“ საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო დიალოგის განვითარებას საქართველოს კულტურული ტოლერანტობის თემაზე, არქეოლოგიის კუთხით. ამ თვალსაზრისით გამოთქმული მეცნიერთა მოსაზრებები (ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი, ალექსანდრე ორჯონიკიძე, ლერი ჯიბლაძე, ირაკლი ანჩაბაძე, ამირან კახიძე) განსხვავებული რაკურსით წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის კულტურის ინტეგრაციის პროცესს გარე სამყაროსთან, თვითმყოფადობის შენარჩუნების ფონზე.
„არქეოსპექტრი“ აქვე გთავაზობთ რეპორტაჟს ფიჭვნარიდან, აღწერს არქეოლოგ ამირან კახიძის 58 წლიან სამეცნიერო მოღვაწეობას, გამოგზაურებთ სამშვილდეში, ხევსურეთსა და თელავში, გაწვდით განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებსა და წინადადებებს (არქეოლოგ ზურაბ ბრაგვაძის რეცენზია - ალიკ გაბელია წინარეანტიკურ და ანტიკურ ეპოქაში); ახალგაზრდა სპეციალისტის თათია ბუწურაძის ნააზრევს ჰასანლუს თასის იკონოგრაფიის თაობაზე; არქეოლირიკით მიმოიხილავს დოდო სახაროვას სამეცნიერო მოღვაწეობას; მკითხველს შეუძლია გაეცნოს ღვაწლმოსილი მეცნიერის პარემენ (ნაპო) ზაქარაიას დღიურებს, არქეოლოგ ნიკო მურღულიას მიერ კონპილირებულ სახიერ მასალას ნაპო ზაქარაიას მიერ შესწავლილ და დაზვერილ ციხეებთან დაკავშირებით და სხვ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჟურნალი „არქეოსპექტრი“ დააარსა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს. ჟურნალის რედაქცია შესაძლოა, არ იზიარებდეს ჟურნალში განთავსებულ სამეცნიერო სტატიებში გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ „არქეოსპექტრი“ შეუფერხებლად გამოაქვეყნებს ამგვარ წერილებსაც და, შესაბამისად, ღიაა პოლემიკისთვის.