არქეოლოგიური გათხრებისას საქართველოში აღმოჩენილი ალიზის უძველესი ნაგებობების საკონსერვაციო მეთოდოლოგიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო საზოგადოება „კრატერი“-ს ექსპერტებთან კონსულტაციების გათვალისწინებით შეიმუშავებს. საფრანგეთში დაფუძნებული ორგანიზაციის სპეციალისტები, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიწის არქიტექტურისა და არქეოლოგიური ალიზის კონსერვაციის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა გააჩნიათ, ალიზის ნაგებობების ადგილზე გასაცნობად და მათი სრუქტურული გამაგრების სათანადო რეკომენდაციების განსასაზღვრად უახლოეს მომავალში საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან. ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მხარეებმა შეთანხმებას ქ. გრენობლში მიაღწიეს, სადაც საზოგადოება „კრატერი“-ს მიწვევით სააგენტოს დელეგაცია მიწის არქიტექტურის ყოველწლიურ გამოფენა-სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. მიწის არქიტექტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან ბაკონირინა რაკოტომამონჯისთან და არქეოლოგ დავიდ განდროსთან შემდგარ ოფიციალურ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ცენტრის მეცნიერებს დეტალურად გააცნეს საქართველოში აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნაგებობების პრობლემები და ის ძირითადი მიმდინარეობები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალიზით ნაგები არქიტექტურული ნაშთების საკონსერვაციოდ ახორციელებს. ქართულმა მხარემ პარტნიორ ორგანიზაციას სააგენტოს საქმიანობისა და თანამდეროვე მიღწევების შესახებაც მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია. ქ. გრენობლში, სააგენტოს სამუშაო ჯფუგი უწყების გენ. დირექტორის მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის, კვლევის სამსახურის უფროსის გიორგი გაგოშიძისა და მეცნიერ გივი ჯაყელის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. * არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ალიზის უძველესი ნაგებობების საქართველოში მრავლადა წარმოდგენილი. რთული კლიმატური პირობებისა და სხვადასხვა ნეგატიური ბუნებრივი ზემოქმედებების გამო ამ ტიპის არქეოლოგიური ნაშთები დროთა განმავლობაში დეგრადირებას განიცდის და მათი ღია სახით ექსპონირება ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს.