საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) პროგრამა „ზრდა“ – ს ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს – „ღამე მუზეუმში“ მასშტაბური გამოფენებითა და სხვა სანახაობებით აღინიშნა. აქციის ფარგლებში ვარძიის განათებულმა კომპლექსმა ვიზიტორებს სრულიად უფასოდ უმასპინძლა. საღამოს 18 საათიდან ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმო. „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების პროგრამა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენით დასრულდა.