არქეოლოგიური ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტურისტული ზონად მოწყობის კონცეფციას წარადგენს. ფორუმზე, რომელიც 26 დან 29 ოქტომბრის ჩათვლით იტალიის ისტორიულ ქალაქში პესტუმში იმართება, სააგენტოს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, მონაწილეებს უწყების გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გააცნობს. არქეოლოგიური ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში ეროვნულმა სააგენტომ პირველად 2016 წელს მიიღო მონაწილეობა. შარშან, სააგენტოს წარმომადგენლობა ფორუმზე გრაკლიანი გორის შესახებ შედგენილი საინფორმაციო მასალებით წარსდგა, რამაც საერთაშორისო ტურიზმის პროფესიულ წრეებში დიდი დაინტერესება და გამოხმაურება გამოიწვია. ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული საიტის საერთაშორისო არენაზე წარმოჩენის საფუძველი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილმა მასშტაბურმა საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროცესმა მისცა. ფიზიკური სამუშაოების შედეგად, რომელიც მე-4 წელია მიმდინარეობს, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული მიმზიდველობის ადგილად იქცევა. პესტუმის არქეოლოგიური ტურიზმის გამოფენაზე მისი წარდგენა კი მნიშვნელოვანწლილად გაზრდის მის მიმართ საერთაშორისო დაინტერესებას. ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსი ქართული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია, სადაც, შთამბეჭდავი ბუნებრივი ლანდშაფტის 20 ჰექტარზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქალაქო ტიპის დასახლება იყო გაშენებული. კავკასიაში დღემდე შემორჩენილ ანტიკური პერიოდისა და ადრეშუასაუკუნეების ძველ ქალაქებს შორის, ნოქალაქევი ერთადერთია, სადაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტია შენარჩუნებული. პესტუმის არქეოლოგიური ტურიზმის გამოფენა, რომელიც მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ინსტიტუციების - UNESCO, UNWTO და ICCROM-ის ჩართულობით, 1998 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება. ფორუმი ქმნის უნიკალურ პლატფორმას გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩინებისა და ტურისტულ მარშრუტებში ჩართვის ხელშეწყობად