საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს ზედაზნის ციხის ციტადელზე ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები. ზედაზნის კომპლექსის ციტადელზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაადსტურდა: ეკლესიის აფსიდი, რომელიც სავარაუდოდ ადრეშუასაუკუნეებს მიეკუთვნება; მინაშენი-იგი მოგვიანო ხანის უნდა იყოს; ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დადასტურებული ამოშენებული სათავსო სავარაუდოდ გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ამავე პერიოდით უნდა დათარიღდეს ციტადელის დასავლეთ ნაწილში გამოვლენილი კედელის ნაშთი. ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გამართული სათავსო ასევე გვიანშუა საუკუნეებს უნდა მივაკუთვნოთ. რაც შეეხება სამარხის ნაშთებს თანმხლები მასალის არარსებობის გამო შეუძლებელია მათი დათარირება. ციტადელის მთელს ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების დროს დასტურდებოდა მრავალრიცხოვანი სამშენებლო ნარჩენები, კრამიტისა და აგურის ფრაგმენტები, აგრეთვე ციტადელის კედლებიდან ჩამოცვენილი სამშენებლო ქვა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არქეოლოგიური ობიექტებიდან ეკლესიის, მინაშენისა და ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დადასტურებული ნაშთების გარდა არცერთი სხვა ობიექტი არ არის სამეცნიერო ღირებულების მატარებელი. *ზედაზნის კომპლესი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საგურამოს ქედზე, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, ზედაზნის მთაზე. იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ . ვახუშტი ბაგრატიონი ზედაზადენის (ზედაზენის) შესახებ გადმოგვცემს: იალონის `მთის თხემსა ზედა, მჭურეტელი არაგვისა, მუხრანისა, ხერკისა, მცხეთისა და ტფილისისა, აღაშენა ციხე ... მეფემან ფარნაჯომ და აღმართა მუნ კერპი ზადენი, და ამითი ეწოდა მთასა ამას ზედაზადენი. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქეოლოგი ნიკოლოზ მაისურაშვილი