დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების კვირიას სახელობის ეკლესიას 2018 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დარბაზული ტიპის ეკლესია (3,6×3,5) ნაგებია ნატეხი ქვით. სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში შეინიშნება ერთსაფეხურიანი ქვის ცოკოლი. სწორკუთხა ფორმის კარი გაჭრილია დასავლეთიდან. აღმოსავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია, რომელთა ზომაც მოგვიანო პერიოდში შემცირებულია. ორფერდა სახურავის კეხი მიმართულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, მოგვიანო პერიოდში გადახურულია თუნუქით. ტაძარს გაკეთებული აქვს ახალი ლავგარდანი, რომლის გაყოლებაზეც ქვედა მხარეს ძველი ლავგარდანის კვალია. ჩრდილოეთითა და სამხრეთით დახრილი კარნიზის ქვემოთ განირჩევა თარო კარნიზი, საიდანაც აღმ. და დას. კედლებზე გრძელდება ჰორიზონტალური კარნიზი. სწორკუთხა საკურთხევლის აღმ. კედელში შიგნით ოთხკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს, სარკმლის ქვემოთ დგას ნატეხი ქვით ნაგები ტრაპეზი, მსგავსი ნაგებობაა საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშიც. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია პატარა სწორკუთხა ნიში. კედლები მოგვიანო პერიოდში შელესილია, გარედან ნაგებობა თეთრადაა შეღებილი. ტაძარს ჩრდილოეთიდან აშენებული აქვს ზუდე. ძეგლის სტატუსისათვის მისანიჭებელი საჭირო მახასიათებლები: აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისთვის მახასიათებელი არქიტეტურული ფორმები, სიძველე.