დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების საქიძეების ნასახლარს 2018 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქიძეების ნასახლარი წარმოადგენს ტერასულად განლაგებულ შეკრულ კომპლექსს. ნაგებია ფლეთილი ქვით. სახურავები და ხის კოჭებით მოწყობილი სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ნანგრევებიდან ირკვევა, რომ ერთმანეთის მიჯრით აშენებული იყო ორსართულიანი სახლები. პირველ სართულზე განთავსებული იყო ბოსელი, მეორეზე საცხოვრებელი ოთახები ბანიანი გადახურვით, რაც კალოსთვისაც გამოიყენებოდა. ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილია დასავლეთიდან გაჭრილი ფართო სწორკუთხა კარი, რომლის შიდა გადახურვა არქიტრავულია, ხოლო გარედან ვერტიკალურად ჩაწყობილი ქვებით გაკეთებულია ზღუდარი. საცხოვრებელ ოთახებში ვხვდებით სწორკუთხა ნიშებს. ძეგლის სტატუსისათვის მისანიჭებელი საჭირო მახასიათებლები: ტერასული სახლების მჭიდრო განაშენიანების არქიტეტურული სახე. ქვის მხატვრული წყობა, სიძველე.