საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დღეს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემა და გის პორტალი ოფიციალურად წარადგინა. პროექტი, რომლის შექმნაზეც სააგენტომ მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან თანამშრომლობის კუთხით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განვითარდა. „მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის და გის პორტალის" პროექტი, როგორც ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტების მქონე თანამედროვე, ინოვაციური სისტემა, სახელმწიფო ინსტიტუციებს და სხვადასხვა სამოქალაქო გაერთიანებებს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მართვის ახლებურ, სტრუქტურიზებულ საინფორმაციო სივრცეს სთავაზობს. ის სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ობიექტებზე, მათ ზუსტ ლოკაციებსა და ტერიტორიებზე კომპლექსური ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. აღნიშნული სისტემის მეშვეობით კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში სხვადასხვა უწყებების მიმდინარე პროექტები სწორად დაიგეგმება და წარიმართება.
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებების პარალელურად, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სივრცითი და ატრიბუტული მონაცემები, რომელსაც გეოსაინფორმაციო სისტემა და გის პორტალი მოიცავს, უმნიშვნელოვანეს მასალას წარმოადგენს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარებისთვის და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისთვის. მონაცემების საჯარო ხელმისაწვდომობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, მასთან დაკავშირებული დამცავი ზონების, კედლის მხატვრობის, ქვაზე კვეთილობისა და მოძრავი კულტურული ფასეულობების შესწავლისა და გაანალიზების მიზნით ფართო საზოგადოებისთვისაც ეფექტური საშუალება იქნება.
აღსანისნავია, რომ სისტემა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების შესახებ ახალი ინფორმაციით ინტერაქტიულ რეჟიმში შევსებისა და განახლების საშუალებას იძლევა.
სისტემის შესაქმნელად, ქართველი და ნორვეგიელი ექსპერტების მიერ წლების მანძილზე გაწეული ერთობლივი შრომა, ნორვეგიულ პრაქტიკასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპული მოწინავე ქვეყნების მსგავსი მიმართულების გამოცდილებას დაეფუძნა. სამუშაო პროცესში გაანალიზებული იყო ევროკომისიის სტანდარტის (ENSPIRE) - ს ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.
კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემა და გის პორტალი (memkvidreoba.gov.ge; memkvidreoba-gis.gov.ge) დღეიდან უკვე ოფიციალურად ამოქმედება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია დღეს 15:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართა და მას მინისტრთა კაბინეტის წევრები და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის წარმომადგენლობა დაესწრო.