საგანმანათლებლო პროგრამა "საბავშვო არქეოლოგიის" ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2 დღის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკის მხითარ სებასტაცის სახელობის სასწავლო კომპლექსის მოსწავლეებს მასპინძლობდა. 2 ქვეყნის საგანმანათლებლო უწყებების თანამშრომლობის საფუძველზე, მოზარდი ახალგზრდების ეს კონტიგენტი სამომავლოდ საკუთარ სასწავლო დაწესებულებაში ერთ-ერთ უცხო ენად ქართულს შეისწავლიან.
"საბავშვო არქეოლოგიის" საგანმანათლებლო პროგრამის მიღმა, რომელშიც სასკოლო ასაკის მოსწავლეები ქართველი სპეციალისტების მიერ არქეოლოგიის მარტივ პრაქტიკულ და თეორიულ საფუძვლებს გაეცნენ, ქართული ენისა და ხელოვნების მასწავლებლებთან ერთად ქალაქი მცხეთაც მოინახულეს. მცირეწლოვანმა სტუმრებმა დაათვალიერეს სამთავროს ველის ნამოსახლარი და სამაროვანი, მოინახულეს არმაზციხე-ბაგინეთი და სვეტიცხოველი.
სომეხი მოსწავლეების საქართველოში ვიზიტი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის სტუმრობასაც მოიცავდა, სადაც ისინი ნიკო ფიროსმანის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის შემოქმედებასაც გაეცნენ. მოზარდებმა სამხატვრო გალერეაში ამჟამად გამოფენილი სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“, მიქელანჯელო მერიზისა და კარავაჯოს ფერწერრული ნამუშევრების განსხვავებული ციფრული ტექნოლოგიით შექმნილი რეპროდუქციებიც იხილეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამა "საბავშვო არქეოლოგია" საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისთვის უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ფუნქციონირებს.