20 ოქტომბერს ევროპის საბჭო ევროპული ლანდშაფტების საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნავს
ევროპის საბჭო ევროპული ლანდშაფტების საერთაშორისო თარიღს დღეს პირველად აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის დაარსებასა და 20 ოქტომბერს პირველად მის აღნიშვნას საქართველოც უერთდება. ევროპის საბჭოს ამ ინიციატივას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ერთხმად მიესალმება, რამეთუ საფუძველი ეყრება ევროპული ლანდშაფტების დაცვის საკითხების აქტუალიზაციისა და მისი დაცვის უზრუნველყოფის საქმეში ფართო საზოგადოების ჩართვის პროცესს, რომლის განუყოფელ ნაწილსაც საქართველოს უნიკალური ლანდშაფტებიც წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროპულ სამეზობლო ქვეყნებს შორის გამორჩეული ქვეყანაა თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტებით. ევროპული ლანდშაფტების კონვენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან ის ხელს უწყობს მის ტერიტორიაზე არსებული ლანდშაფტების მნიშვნელობისა და ღირებულების საერთაშორისო დონეზე გააზრებას.
ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების გზით, საქართველო 2011 წელს უკვე მიუერთდა ევროპულ ქვეყნებს. ამ მხრივ სახელმწიფო და თავის მხრივ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურადაა ჩართული კონვენციის დებულების საკანონმდებლო , განათლების, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებისა და ქალაქთმშენებლობითი რეგულირების პროცესში იმპლემენტაციის საქმეში.
ევროპული ლანდშაფტების კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შორის აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ, ღირებული ლანდშაფტების მქონე რეგიონებისათვის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების საკითხის ინიცირება და განხორციელების ხელშეწყობა. კერძოდ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2016-2017 წლებში გამოცხადდა კონკურსები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისათვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებაზე. ამის შედეგად, ამჟამად დამუშავების პროცესშია სვანეთის რეგიონში მდებარე მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია. 2017 წელს გამოცხადებულ კონკურსებს შორის აღსანიშნავია ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ონის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია, რომელზეც ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა. აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონების მქონე ქალაქების - თბილისისა და მცხეთის გენერალური გეგმების საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებაზე.
ნაციონალური ლანდშაფტების დაცვის პოლიტიკის შემუშავებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საზოგადოების ფართო წრისათვის კონვენციის გაცნობის უზრუნველყოფა და მისი პოპულარიზაცია. საჭიროა ქვეყნის მოსახლეობის გათვითცნობიერება , რომ მათი რეგიონის ქალაქის თუ, სოფლის ღირებული ლანდშაფტის დაცვით ისინი დიდ საქმეს აკეთებენ არა მარტო ლოკალურ დონეზე, არამედ ამავდროულად მონაწილეობენ ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე, ევროპული ლანდშაფტების დაცვის საქმეში.