საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის სამინისტროსა და შ.პ.ს. „ენგურის ტურისტული ცენტრის“ ერთობლივი პროექტის - ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტირების ეტაპის ფარგლებში, რომელსაც ესტონური დიზაინ-არქიტექტურული კომპანია „კოკო არქიტექსი“ ახორციელებს, კონცეფციის დონეზე შემუშავებული ტურისტული მარშრუტების საბოლოო მოდელები განისაზღვრა. საპროექტო პროცედურებს 2 დღის განმავლობაში ზონის განვითარების იდეის ავტორი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მისი გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის სახით, „კოკო არქიტექსის“ დამფუძნებელ ანდრუს კორესაართან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ათანხმებდა. იმ მარშრუტებს, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციაში იყო წარმოდგენილი, მხარეთა ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე, ახალი მიმართულებების სახით, ენრგურჰესის თაღოვანი კაშხლის მისაყრდნობ ფარში არსებული კომუნიკაციებიც დაემატება. სააგენტოსთან შეთანხმებით, „კოკო არქიტექსის“ ესტონელი სპეციალისტები უახლოესი 1 თვის განმავლობაში პროექტის დონეზე შეიმუშავებენ ტურისტული მარშუტების განვითარების შინაარსობრივ მხარეებს, რაც მათ თემატური ინსტალაციებით მოწყობასაც მოიცავს. განისაზღვრა ენგურჰესის კაშხლის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის საბოლოო ვარიანტიც, რომელიც სამომავლოდ აღმოჩენათა ცენტრის პრეზენტაციაში წარმოდგენილ არქიტექტურულ ფორმას დაექვემდებარება. შეთანხმდა შენობის დაგეგმარებაც, რომლის მიხედვით ინტერიერში ჰიდროტექნიკური ნაგებობის ადმინისტრაცია და შემეცნებით-გასართობი ატრაქციები განთავსდება. ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტის ფიზიკური სამუშაოების საწყისი ეტაპი კაშხლის ტერიტორიაზე სწორედ აღმოჩენათა ცენტრისა და ტურისტული მარშუტების განვითარებას გულისხმობს. ამავე ეტაპის ფარგლებშია განსაზღვრულია თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ გადასახედი მოედნების, 280 მეტრი სიმაღლის ლიფტისა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციის ინფრასტრუქტურული მოწყობაც. ენგურის ტურისტული ზონა რეგონიში ყველაზე შენოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.