გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბობნევში მდებარე 1661-1683 წწ. აშენებულ წმ. იოანე მახარებლის ეკლესიას 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. წმ. იოანე მახარებლის დარბაზული ეკლესია (ზომა: 7,9 X 5,8 მ) მდებარეობს მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, სოფ. ბობნევის მახლობლად, გზის პირას, მთის ხელოვნურად დავაკებულ ფერდზე. შენობა ნაგებია დუღაბის სქელ ფენაში ჩაფლული კლდის ნამტვრევი ქვით და რიყის ქვით. კვადრატული ფორმის აგურით გამოყვანილია კარის წირთხლები. ეკლესიის კარნიზი - მონაცვლეობით ბრტყლად და კუთხით დადებული აგურის ექვსი რიგითაა ნაწყობი (ე.წ. „ხერხულა“ კარნიზი). ერთადერთი კარი სამხრეთ კედელშია, სამი ვიწრო სარკმელი: აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი, მათგან მხოლოდ აღმოსავლეთისა სრულდება თაღით, დანარჩენი ორი - სწორკუთხა მოყვანილობისაა. კრამიტით გადახურული, სახურავი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. სამხრეთ ფასადზე, კარის ზევით კედელში ჩადგმულ ფილაზე ხუთსტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომლის მარჯვენა (აღმოსავლეთი) ნაწილი მომტვრეულია. წარწერიდან ვიგებთ, რომ ეკლესია იოანე მახარებლის სახელობისაა და მისი მაშენებელი იოსებ სააკაძეა - ტფილელი მთავარეპისკოპოსი (1620-1688 წწ. პოეტი - „დიდმოურავიანის“ ავტორი). ეკლესიის ინტერიერში, ნახევარწრიული აფსიდის ორსავ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა, საკურთხეველში იატაკზე დგას ტრაპეზის ქვა. ინტერიერში ეკლესიის კედლები მხატვრობითაა დაფარული. სამხრეთი კარის თავზე თოთხმეტსტრიქონიანი ძლიერ დაზიანებული საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ეკლესიის მხატვრობის ქტიტორად იოსებ სააკაძეა მოხსენიებული, წარწერის ბოლოს ქორონიკონი -„ტოა“ – 371 დასმული, რაც 1683 წ-ს ნიშნავს, ეს მხატვრობის თარიღია. წარწერის მახლობლად, კარის დასავლეთით მუხლმოყრილი ქტიტორის იოსებ სააკაძის გამოსახულებაა შემორჩენილი. კედლის მხატვრობაზე ჩატარებულია საკონსერვაციო სამუშაო - შელესილობის ქიმები გამაგრებულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრების სცენა, მის ქვემოთ მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში ეკლესიის მამებია, სარკმლის ქვემოთ მაცხოვრის გამოსახულებაა. სამხრეთ კედელზე - პირველ რეგისტრზე შემდეგი კომპოზიციებია: „ლაზარეს აღდგინება“, „იერუსალიმში შესვლა“, „ჯვარცმა“; მეორე რეგისტრზე: „მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე“, „ღმრთისმშობლის მიძინება“ და „ფერისცვალება“; მესამე რეგისტრზე მედალიონებში ჩაწერილი წმინდანთა ფიგურებია; მეოთხე რეგისტრზე: „სამი ჭაბუკი სახმილსა შინა“, „მოსე სინას მთაზე“. ჩრდილოეთ კედლის პირველ რეგისტრზე გამოსახული სცენებია: „ჯოჯოხეთს წარტყვევნა“, „ამაღლება“, „სული წმინდის მოფენა“; მეორე რეგისტრზე: „შობა“, „მირქმა“, „ნათლისღება“; მესამე რეგისტრზე: მედალიონში ჩაწერილი წმინდანთა ბიუსტები, იოანე ნათლისმცემელი, და „იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა“; მეოთხე რეგისტრზე გამოსახულია: წმინდანთა ფიგურები და „ორმოცი სებასტიელი მოწამე“. დასავლეთი კედლის პირველ რეგისტრზე „ხარების’ კომპოზიციაა, მეორე რეგისტრზე წმ. დედების გამოსახულებებია და „კონსტანტინე და ელენე ჯვართან“, ქვედა რეგისტრი წმინდანთა გამოსახულებებს ეთმობა. კომპოზიციებსა და ცალკეულ ფიგურებს ახლავს ქართული და ბეძნული განმარტებითი წარწერები. მხატვრობა სტილით ათონური სკოლის მაგალითებს გვაგონებს. ჩრდილოეთ კედელზე, მედალიონებში არსებული წმინდანთა გამოსახულებების ქვემოთ ბერძნული წარწერაა, რომელშიც სავარაუდოდ ეკლესიის მომხატველი ვინმე დანიელი იხსენიება (იხ. თ.ყაუხჩიშვილი გვ. 195).