ქ. ყვარელში მდებარე XVIII ს-ის ყველაწმინდას ეკლესიას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სამხრეთის კედელში ასიმეტრიულად პატარა პირამიდული გადახურვის სარკმელია გაკეთებული. კედლები დასრულებულია აგურის ხერხულა ლავგარდნით. ეკლესია დახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აბსიდის კონქი მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. დარბაზის ცილინდრული კამარა გრძივ კედლებზეა გადასული. იატაკი მოცემენტებულია. ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების მცირე ზომის სამლოცველოთა ნიმუშია.