წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის გერმანულ - ევნგელისტურ - ლუთერანული ეკლესიის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სარეაბილიტაციო ჯგუფის მიერ, რომლის ხელმძღვანელი იყო არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი, შეკეთდა დასავლეთის ქანობის დაზიანებული სახურავი. მისი მძიმე ტექნიკური მდგომარეობა კონსტრუქციულად საკმაოდ მყარ შენობას სრულ დანგრევას უქადდა. სახურავის რამდენიმე ჩანგრეული ადგილიდან ინტერიერში დაუბრკოლებლად ჩადიოდა ატმოსფერული ნალექები, რამაც ძალიან დააზიანა და ჩამოანგრია კედლების შელესილობა. სახურავის ბურულის ავთენტური კრამიტი მოხსნის შემდეგ გაირეცხა სპეციალური ტექნიკით. სახურავის ხის კონსტრუქციის დაზიანებული ნაწილები მთლიანად მოიხსნა და თავიდან გაკეთდა ახალი ხის მასალით, რომელიც წინასწარ დამუშავდა ქიმიური ხსნარით; შემდეგ კი მასზე დალაგდა წლების განმავლობაში ნალექისა და ხავსისგან გაწმენდილ- გასუფთავებული კრამიტები. ეკლესიის სახურავის რესტავრაციის პროექტი შედგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 70 000 ლარით დააფინანსა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სახურავზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა. ნაგებობის მხატვრული, არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების გათვალისწინებით 2016 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. თრიალეთის ეკლესიის ექსტერიერი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. მის ინტერიერს კი დაკარგული აქვს ავთენტურობა: დასავლეთის ფასადზე ამოშენებულია თაღოვანი სარკმლები, ამოქოლილია კარი და საკურთხევლის სარკმელი. ეკლესიის დარბაზში ხის კოჭოვანი გადახურვაა, რომელიც უწინდელ ხის კამარას ფარავს. კოშკი-სამრეკლოს კიბეები და ზედა სართულები დეგრადირებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეულია. ნაგებობა საკმაოდ მყარია და კედლებზე ბზარები ან სხვა კონსტრუქციული დაზიანებები არ შეინიშნება. ეკლესია წარმოადგენს რუხი ფერის სწორკუთხა, სუფთად გათლილი კვადრებით აგებულ და კრამიტის ბურულის მქონე სახურავის ოთხი ქანობით გადახურულ ნაგებობას წაგრძელებული დარბაზით, პირამიდულ სახურავიანი მაღალი სამრეკლოთი მოკლე ფასადზე, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფუნქციას ასრულებს და აფსიდის შემცველი დაბალი მოცულობით მეორე მოკლე ფასადზე. კრამიტი ავთენტურია. ის დამზადებულია ადგილობრივი მასალით გერმანელების მიერ, სოფელში არსებულ კრამიტის საამქროში. 1817 წლიდან საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელთა რაოდენობის ზრდამ მე- 19 საუკუნის შუა წლებიდან უკვე ახალი, ე. წ. შვილობილი კოლონიების შექმნას დაუდო სათავე. ელიზაბეტთალის (ახლანდელი ასურეთი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) გაზრდილი მოსახლეობისთვის არსებული მიწის სავარგულები აღარ იყო საკმარისი, ამიტომ აქედან 32 ოჯახი გადაასახლეს ახალ კოლონიაში - წალკის რაიონში, ჭოჭიანის თავისუფალ მიწებზე. კოლონიას სახელი ალექსანდერსჰილფი დაერქვა. აქ მაცხოვრებელი ხალხისთვის სამლოცველოს მშენებლობას 1862 წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი და 1866 წელს დასრულდა. 1930-იანი წლებიდან ტაძრებში წირვა-ლოცვა აიკრძალა და თრიალეთის ეკლესიამაც ჯერ საწყობის, მოგვიანებით კი კლუბისა და კინოთეატრის ფუნქცია შეიძინა. ეკლესია დღეს უფუნქციოა. მასში არც ღვთისმსახურება აღევლინება და აღარც კინოთეატრი მუშაობს. ადგილობრივ სომხებს და ბერძნებს საკურთხეველი სხვადასხვა რელიგიური სახის ილუსტრაციებითა და ხატებით აქვთ მორთული.