ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში მდებარე XIX ს-ის ეკლესიას 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დგას სოფელში. დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ნატეხი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია წითელი ფერის დამუშავებული ქვები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია, ფასადზე პროფილირებული საპირეთი და კაპიტელებით გაფორმებული (კაპიტელები ტიპიურია მე-19 ს. ჯავახეთში აშენებული ეკლესიების კაპიტელებისა). აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის ნაწილში სახურავზე დადგმულია ოთხ სვეტზე გახსნილი ფანჩატურიანი სამრეკლო. ტაძარი გადახურულია თუნუქით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა. გრძივი კედლები სამი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. პილასტრის კაპიტელები მე-19 ს. ჯავახეთის მონოფიზიტურ ძეგლებზე გამოყენებული პილასტრის კაპიტების იდენტურია. პილასტრებს შორის შეკიდული დეკორატიული თაღნარია. ინტერიერი შელესილი იყო და შეთეთრებული. შეთეთრების ქვეშ გაირჩევა საღებავის რამდენიმე ფერი. საკურთხევლის წინ ხის კანკელია. იატაკი ქვაფენილია. ტაძარში ინახება დიდი ქვაჯვარი. ტაძარს შემოსდევს ქვის გალავანი. ბალანთის ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, დეტალები, ეკლესიაში დაცული ქვაჯვარი, იკონოსტასი.