დღეს 23 მაისს,ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის სიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ მირზაანში მდებარე ფიროსმანის მუზეუმში სტუდენტური კვირეულის დღეების დახურვის ცერემონიალი მოაწყო. სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 6 დღის მანძილზე პარტნიორის სტატუსით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები შეუერთდნენ, რომლებმაც ცალკეულ დღეების განმავლობაში საკუთარი თეატრალიზებული სანახაობები და განსხვავებული შინაარსის მქონე პერფორმანსები წარმოადგინეს. შემოქმედებით აქტივობები გამართეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. სტუდენტებს პატრნორობა გაუწია ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებმა, რომელთაც სააგენტოს მიერ „კულტურული მემკვიდრეობის დესპანების“ სტატუსი აქვთ მინიჭებული და აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო უწყების ორგანიზებულ ღონისძიებებში. კვირეულის ფარგლებში ფიროსმანის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს დედოფლისწყაროს სამხატვრო და ხელოვნების სკოლების მოსწავლეებმა. სტუდენტური კვირეულის დასკვნით დღეს კი თეატრალიზებულ სანახაობები და გამოფენები წარმოადგინეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებმა. სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებმაც. საკუთარი აქტივობები წაქრმოადგინეს ფიროსმანის მუზეუმის თანამშრომლებმაც. მირზაანის სტუდენტური კვირეული 17 მაისიდან 23 მაისამდე მიმდინარეობდა.