საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უნივერსიტეტებისათვის ახალი შემეცნებითი პროექტი დაიწყო. პროგრამის პრეზენტაცია 14 აპრილს ქ. ქუთაისში, დ. ნაზარიშვილის მემორიალურ მუზეუმში შედგა. სააგენტოს ახალი საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულების განხორციელება სიმბოლურად ქართული ენის დღეს დაემთხვა. პროგრამა "დამწერლობა ქართული", რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტების მიერ შეიქმნა, მიზნად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არამატარიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბაბის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს; სპეციალურად მომზადებული თვალსაჩინოებების საშუალებით, მათ ასომთავრული ტექსტების ამოკითხვისა და შექმნის საშუალება მიეცათ. შემეცნებითი კურსი, რომელიც თავად სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა წარმართეს, ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდების შემდეგ, საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სასწავლო დაწესებულებების აღსაზრდელებსა და სტუდენტებსაც მოიცავს.