ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში, ევროპის საბჭოს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამონაწილეობით, 2018 წლის 9-10 მარტს, საქართველოში იმართება უწყებათაშორისო სამუშაო მრგვალი მაგიდის შეხვედრა სახელწოდებით „ლანდშაფტების პოლიტიკაში ინტეგრაცია“, რომელიც ევროპის ლანდშაფტების კონვენციის საქართველოში განხორციელების საკითხებს ეძღვნება. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა გახსნა. ეროვნულ დონეზე სამთავრობო და უწყებრივი თანამშრომლობის დასაფუძნებლად აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქმედებას წარმოადგენს ლანდშაფტების კონვენციის შესასრულებლად. ღონისძიებაზე ევროპის საბჭოს მოწვევით სამუშაო შეხვედრას ესწრება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი - კონვენციაზე ეროვნული პასუხისმგებელი პირები, რომლებიც, საკუთარი ქვეყნების მაგალითზე უზიარებენ ქართულ მხარეს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და წარმატებულ გამოცდილებას. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს უნგრეთის, ფინეთის, საფრანგეთისა და სერბეთის ექსპერტები სტუმრობენ, რომლებიც ქართველ კოლეგებs საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. * ევროპული ლანდშაფტების კონვენცია შემუშავდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2000 წლის 19 ივლისს სტრასბურგში და წევრი სახელმწიფოებისათვის ხელმოსაწერად ხელმისაწვდომი გახდა 2000 წლის 20 ოქტომბერს ფლორენციაში (იტალია) ევროპული ლანდშაფტების დაცვის, მართვისა და დაგეგმვის და საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით. ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ექსკლუზიურად ეძღვნება ყველა მოცულობის ლანდშაფტს. კონვენცია მიმართულია სახელმწიფოების მთელს ტერიტორიაზე და მოიცავს ბუნებრივ, სასოფლო, ურბანულ და ნახევრად-ურბანულ არეალებს. ეს შეეხება იმ ლანდშაფტებს რომლებიც უნდა მიჩნეულ იქნას გამორჩეულად, ასევე ყოველდღიური გარემოს ან დეგრადირებული ლანდშაფტების კონტექსტში. დღესდღეობით, ევროპის საბჭოს 38 წევრ სახელმწიფოს აქვს რატიფიცირებული აღნიშნული კონვენცია.