კასპის მუნიციპალიტეტის, სოფ. ხოვლეში მდებარე მე-16-17 სს. კოშკს 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კოშკი დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. წარმოადგენს სათავდაცვო ნაგებობას. ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. კვადრატულია (7,3×7,3 მ), ზევითკენ ოდნავ შევიწროვებული. ხუთსართულიანია. პირველი სართული ამოვსებულია ნაშალით. შესასვლელი მეორე სართულზე სამხრეთის კედელშია გაკეთებული. ადიოდნენ მისადგმელი ხის კიბით. სართულშორისი გადახურვა ხის იყო. კედლებში შერჩენილია საკოჭეები. თითოეული სართულის კედლებში დატანებულია სარკმელ-სათოფურები. ისინი ოთხკუთხა ფორმისაა, გარეთკენ რომელიმე კუთხით შევიწროვებული. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელსა და მოთხე სართულის დასავლეთ კედელში თაღოვანი ბუხრებია დატანებული. მეხუთე სართული სანახევროდ მონგრეულია, ამიტომ როგორ სრულდებოდა ძნელი სათქმელია. ხოვლეს კოშკი გვიანი შუა საუკუნეების ცალკე მდგომ სათავდაცვო ნაგებობათა ნიმუშს წარმოადგენს, მე-16-17 სს. პირველი ნახევრის პერიოდის შესაბამისი მახასიათებლები აქვს: კუთხოვანობა, მრავალსართულიანობა, სათოფურთა მოყვანილობა, თაღოვანი ბუხრები. სართულშორის მისადგმელი კიბით მაკავშირებლობა. ასეთი ცალკე მდგომი კოშკები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კარგადაა შემორჩენილი.