საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე ბორჯომის მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის ისტორიული შენობა-ნაგებობები და ჰიდროენერგეტიკული დანადგარები სრულად რეაბილიტირდება. ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლი მის ავთენტურ არქიტექტურულ იერსახეს აღიდგენს. სამუზეუმო დატვირთვას შეიძენენ შენობები, რომელიც რუსული იმპერიული მმართველობის დროს - 1899 წელს აშენდა. სააგენტოს მიერ მომზადებული მუზეოგრაფიის პროექტის მიხედვით მოეწყობა საექსპოზიციო სივრცეები, სადაც ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდებში დაცული ისტორიული არტეფაქტები და დოკუმენტები განთავსდება. კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია. * საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები გაითვალისწინებს ბორჯომის პარკისა და პლატოს ტერიტორიაზე არსებული ჰიდროსაინჟინრო კომპლექსის აღდგენასაც. არსებული პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის შენობასთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს ბორჯომის პლატოზე განთავსებული საუკუნოვანი სადაწნეო და სალექარი აუზების, მათი შენობის, პლატოს ფერდზე არსებული წყლის სადაწნეო მილისა და მის გასწვრივ არსებული საფეხმავლო კიბის რეაბილიტაციას. მულაჟის ფორმით, ნაწილობრივ ავთენტური სახით აღდგება ჰიდროგენერატორი, რომელსაც ტურისტული ატრაქციის დატვირთვა ექნება. პარალელურად, ამოქმედდება ახალი მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური (11 მგვტ), რომლის წლიური გამომუშავება 61.5 გვტ/სთ-ს შეადგენს. * მიმდინარე წელს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ დასრულდება პროექტის დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შეთანხმდება განახლებული ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. * სარეაბილიტაციო პროექტის მტავარი ეტაპი მომდევნო წლიდან, სამშენებლო წინამოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ დაიწყება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. * ბორჯომის მუნიციპალიტეტში მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ პირველ ჰიდროელექტროსადგურს წარმოადგენდა. მდინარე ბორჯომულაზე აგებული ჰიდროსადგური ექსპლუატაციაში 1899 წლის 15 იანვარს შევიდა. მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. ელექტროსადგურში ფუნქციონირებდა პელტონის ტიპის ორი ტურბინა-გენერატორი, თითოეული 70 ც.ძ. სიმძლავრით. 1950 წელს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურმა ფუნქციონირება შეწყვიტა. * ბორჯომის პარკის ჰიდროელექტროსადგურის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია და მის სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნის პროცესი მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დიდი პროექტისა, რაც ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის იდეას მოიცავს. აღნიშნული პროექტი ქ. ბორჯომში ხუთ მუზეუმსა და ერთ საიტ-ატრაქციას გააერთიანებს. საშუალოვადიან პერსპექტივაში საკურორტო ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კავალერიის კორპუსი - როგორც დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ლიკანის სასახლე და პარკი, მინერალური წყლის პარკის ჰიდროელექტროსადგური - როგორც ინდუსტრიული მუზეუმისა და მინერალური წყლის “ბორჯომის“ საექსპორტო შენობა - რომელიც რეაბილიტაციისა და სამუზეუმო ადაპტაციის შემდეგ „ბორჯომი“-ს წარმოების ისტორიას დაეთმობა. სამუზეუმო ქალაქის იდეის თანმიმდევრული განვითარების პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ერთად საპარტნიორო ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც მონაწილეობს.