საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით გამოიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის - იულონ გაგოშიძის ნაშრომი „ტახტისძირის სამაროვნები“.
წიგნი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მომზადდა, მკითხველს ძველი საქართველოს ერთ-ერთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის - ფრონის ხეობის მმართველთა სამარხების არქეოლოგიური შესწავლის შედეგებს სთავაზობს. ქრისტესშობამდე IV საუკუნის ამ სამარხებში დაკრძალულებისათვის ჩაუტანებიათ მდიდრული ინვენტარი, რომელიც ადგილობრივ ნაწარმთან ერთად უხვად შეიცავს როგორც დასავლური (ძველ ბერძნული), ისე აღმოსავლური (ირანულ აქამენიდური) წარმომავლობის იმპორტულ ნივთებს. წიგნში აგრეთვე ქვეყნდება იმავე ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის რიგითი მცხოვრებლების ქ.წ. II - ქ.შ. I საუკუნეების სამარხების ინვენტარი: მინისა და კერამიკული ჭურჭელი, სხვადასხვა მასალის სამკაული, მონეტები და სხვ. სამეცნიერო ნაშრომის აკადემიურ გამოცემად ქცევის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსდა. წიგნი გამომცემლობა „სეზანში“ დაიბეჭდა.