კრაკოვის ეროვნულ მუზეუმთან, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმთან, თბილისში პოლონურ ინსტიტუტთან და საზოგადოებრივ კავშირ „ხიდი საქართველოსთან“ ერთად, საქართველოს კულტურული მემვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ახალი სათანამშრომლო პლატფორმის ამოქმედებას იწყებს. პროექტი „კულტურა საზღვრებს მიღმა“, რომლის მთავარი განმახორცილებელი კრაკოვის ეროვნული მუზეუმია, მიზნად საგამოფენო პროექტების მართვის, ხელოვნების ნიმუშთა დაცვის, საგამოფენო კოლექციების დიგიტალიზაციით მიმართულებებში კულტურის პოლონურ და ქართულ ინსტიტუციებს შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავს. საშუალოვადიანი პროგრამის ინაუგურაცია 26 და 27 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გასამართ ე.წ. „kickoff meeting“-ზე შედგება. ამ დღეების მსვლელობისას პრეზენტირდება პროექტ „კულტურა საზღვრებს მიღმა“-ს ფარგლებში შექმნილი „კულტურის ინსტიტუციის მართვის აკადემია“, რომელიც პროექტის კოორდინატორი იქნება. ქართულ-პოლონური მხარეების შეხვედრებზე მოწვეულნი არიან ქართული კულტურული ინსტიტუციების ლიდერები და ის კონკრეტული პირები, რომლებიც ამ ინსტიტუციების საქმიანობის სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე არიან პასუხისმგებელნი. შეხვედრებზე კრაკოვის ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები წარმოადგენენ პროცესებს, რომლებიც მათ ინსტიტუციაში საგამოფენო პროექტების მართვის, საგამოფენო სივრცეების პროექტირების, კულტურული განათლების, მარკეტინგის, სახსრების მოძიების, დიგიტალიზაციის ახალი მეთოდების დანერგვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ახალი გადაწყვეტების სახით განხორციელდა. შეხვედრის არსებითი ელემენტი იქნება ქართული კულტურული ინსტიტუციების საჭიროებების ანალიზი, რის საფუძველზეც სამომავლოდ შექმნილი სამოქმედო პროგრამა საქართველოს კულტურული ცენტრების მოლოდინებსა და საჭიროებებს გაითვალისწინებს. მრავალწლიანი თანამშრომლობის ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა მიოცავს მომავალ წლებში პოლონეთსა და საქართველოში სასწავლო ვიზიტების, სემინარების, სადისკუსიო პანელებისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. რამდენიმე წლიანი პროექტის შეჯამებელი ეტაპი იქნება ქართული ხელოვნების ერთობლივი გამოფენის რეალიზება პოლონეთში, რაც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოპოვებულ ცოდნასა და გამოცდილებას პრაქტიკულად შეაფასებს.