საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფ. კოლაგში ვაჩნაძიაანთ დიდი ციხე-კოშკის კომპლექსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. რიყის ნარჩევი ქვებით კირ-დუღაბზე აგებულ საფორთიფიკაციო ნაგებობაზე, რომელიც რესტავრაციამდე თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი, შემორჩენილი ფრაგმენტებიც უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც შპს „სამანი“-მ განახორციელა, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: √ არქიტექტურულ ნაგებობაზე აღდგა ორივე სართულის ჩამოშლილი ნაწილები. √ მოეწყო სართულებს შორის დამაკავშირებელი ხის კიბე. √ ნაგებობის კამარა მოეწყო რიყის შერჩეული ქვებით. √ ორივე სართულზე დაიგო ქართული ტიპის კვადრატული აგურის იატაკი √ ჩაისვა კარ-ფანჯრები. √ რესტავრირდა ბუხრები და სათოფურები. √ ციხე-კოშკზე მოეწყო გუმბათოვანი გადახურვა.