სტეფანწმინდის სიონის ეკლესიის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 2 კვირაში დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის დასრულების შემდეგ, გალავნის ავარიული მონაკვეთის ჩამოშლილი ქვის წყობა ავთენტური იერსახით აღდგება, რაც არქიტექტურული ნაგებობის კონსტრუქციულ მდგრადობას უზრუნველყოფს. სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე სიონის ეკლესიის კრიტიკულ სეგმენტის გამაგრებითი სამუშაოების პირველი (გადაუდებელი) ეტაპი სააგენტომ გასული წლის ბოლოს განახორციელა. გადაუდებელი სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც უწყების ნებართვისა და დაფინანსების საფუძველზე წარიმართა, მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის ხიმინჯი, დამონტაჟდა და დაიგრუნტა ეკლესიის საძირკვლის კუთხის საყრდენი პირამიდისებრი ლითონკონსტრუქცია. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ტაძრის ტერიტორიის მეწყრულ ფერდობზე დამატებით მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველი. * სტეფანწმინდის სიონის ეკლესიის გალავანი გადაუღებელი წვიმის შედეგად 2018 წლის 26 ოქტომბერს დაზიანდა. მნიშვნელოვანი სეგმენტის ჩამოშლის შედეგად ტაძრის ძირითად ნაწილს ჩამონგრევის რეალური საშიშროება შეექმნა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მყისიერი რეაგირების ფარგლებში მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე დაწყებული დროებითი გამაგრებითი სამუშაოები 1 თვის ინტერვალში დასრულდა. ფიზიკური სამუშაოები შპს „ჯიხამ“ შეასრულა.