საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 16-17 ივლისს საქართველო საერთაშორისო სიმპოზიუმს „პრეისტორიული კლდის ხელოვნება ევროპასა და საქართველოში“ უმასპინძლებს. პრეისტორიული კლდის მხატვრობის - როგორც კაცობრიობის პირველი კულტურის თანამედროვე მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, სემინარების თემატური განხილვები მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლასა და ევროპის ირგვლივ სათანამშრომლო პლატფორმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. სამეცნიერო მოხსენებების შინაარსი შეეხება პრეისტორიული კლდის ხელოვნების სოციალიზაციის პროცესში ევროპულ მეთოდოლოგიებსა და პრაქტიკულ ცოდნას, მისი დოკუმენტირების, დაცვის და სოციო-კულტურულ ასპექტებს. ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთმანეთს გაუზიარებენ კლდის ხელოვნების ძეგლების ღია ცის ქვეშ მართვის არსებულ გამოცდილებასაც. სამეცნიერო ფორუმის მსვლელობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პეტროგლიფებთან მიმართებით შემუშავებული მისიის შინაარსს და წარმოებული არქეოლოგიური ექსპედიციის უახლეს შედეგებს გააცნობს. * ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი საქართველო 2017 წლიდან გახდა. ქვეყნის სახელით, ევროპული უწყების წევრობის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ნორვეგიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველო პრეისტორიული ხელოვნების ევროპული მარშრუტის მე-8 სრულუფლებიანი წევრია. „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტში პირველ ეტაპზე საქართველო თრიალეთის (პატარა ხრამი) პეტროგლიფების კომპლექსითაა წარდგენილი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. * თრიალეთის პეტროგლიფები ქვემო ქართლში, დაბა წალკასთან მდებარეობს. ფსევდოტერასების მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე, ანდეზიტ-ბაზალტის არათანაბარ გლუვ მონაკვეთებზე, ხავსისა და მღიერების ქვეშ აღმოჩენილია გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული გრავირებული გამოსახულებები – პეტროგლიფები. ისინი კლდის მასივზეა დაჯგუფებული პატარ-პატარა პანოების სახით, რომლებიც დაახლოებით 50 მ. სიგრძეზეა გადაჭიმული. პანოებზე ძირითადად ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებია გამოსახული. მათთან ერთად გვხვდება „ფანტასტიკური“ და ჰიბრიდული ცხოველები. გეომეტრიულ სახეთაგან კი კვადრატული ბადეების, ჯვრებისა და გასხივოსნებული მზის გამოსახულებებია ასახული.