მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმს ახალი დირექტორი ჰყავს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გაერთიანებაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს დღეიდან დალი აბაშიძე უხელმძღვანელებს. მუზეუმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ წარუდგინა.
ახალ თანამდებობაზე წარდგენამდე დალი აბაშიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობდა. მის საქმიანობას უკავშირდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში „კულტურული მემკვიდრეობის დესპანების“ ახალგაზრდული მოძრაობის იდეის ამოქმედება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის იდეის საზოგადოებრივ წრეებში დამკვიდრებას ითვალისწინებს.
მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის რანგში დალი აბაშიძის საქმიანობის მთავარი ამოცანები სამუზეუმო და კულტურულ-შემოქმედებითი პროცესების გააქტიურებას და დახვეწას დაუკავშირდება. ახალი ხელმძღვანელის უწყებრივი ზედამხედველობის ფარგლებში წარიმართება ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმის ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო პროექტის მიმდინარეობაც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლიდან დაიწყებს. პროექტი მოიცავს სამუზეუმო ფონდების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას, ტერიტორიის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასა და სამუზეუმო სივრცის ახალ მოთხოვნებთან ადაპტირებას.
მირზაანის მუზეუმის რენოვაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩაერთვება, რაც სამომავლოდ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიისა და საკომუნიკაციო გზების ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს.
მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი სააგენტოში მოღვაწეობას უწყების გენერალური დირექტორის მრჩევლის სტატუსით გააგრძელებს. მისი საქმიანობის სფერო სააგენტოს სამუზეუმო გაერთიანებების სამუშაო პროცედურების დახვეწასა და გამრავალფეროვნებას მოიცავს.