თანამედროვე ხელოვნებათმცოდნეობის სკოლამ, ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევართა წრემ, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ა. ქუთათელაის სახ. თბილისის სასამხატვრო აკადემიისა და სასულიერო აკადემიის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი.
ფასდაუდებელია ბატონი დიმიტრის ღვაწლი ქართული ხუროთმოძღვრების კვლევისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომელსაც იგი მთელი მოღვაწეობის განმავლობაში ემსახურა. განუზომელია მისი დამსახურება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მრავალი ძეგლის კვლევისა და რეაბილიტაციის პროცესში და საუნივერსტეტო განათლებისა და ახალგაზრდა თაობების აღზრდაში, რომელთა პროფესიული უნარები, თავისუფალი აზროვნება და პატრიოტული მიდგომებიც სწორედ დიდი მეცნიერის ღირსებების შედეგია..
ბატონო დიმიტრის ავტორობით შეიქმნა რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც დღეს დარგის სახელმძღვანელოდაა ქცეული.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი დიმიტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უთანაგრძნობს დიდი მკვლევარისა და მეცნიერის ოჯახს, მეგობრებსა და აღზრდილ თაობებს.