კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მიმდინარე საკითხებზე დისკუსიის გასაგრძელებლად, საქართველოში 5 დღიანი ვიზიტით იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია.
სამუშაო პროგრამა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გასვლითი ერთობლივი მისიები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მთავარ უწყებასთან ერთად შეიმუშავა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის წარმომადგენლობით ჯგუფს, ქართველ სპეციალისტებთან ერთად საშუალება მიეცემათ ერთობლივად მოინახულონ ჩვენი მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დმანისში, მცხეთაში, ახალციხეში, ზიკილიაში, საყუნეთში, აწყურსა და ვარძიაში.
ამ შინაარსის სამუშაო ვიზიტები ქართულ და თურქულ მხარეებს შორის 2017 წლის სექტემბერში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თურქეთში ოფიციალური მისიის დროს შეთანხმდა. უწყებებს შორის მოლაპარაკების მიზანს კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ქვეყნებს შორის ერთობლივი ქმედებების შეჯერება და თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულად ქართული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შეფასება წარმოადგენდა.
8 ნოემბერს, სამუშაო მისიის ფარგლებში, მხარეებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულად ქართული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი ქმედებები განიხილეს. ქართულმა მხარემ თურქ სპეციალისტებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა კვლევისა და რეაბილიტაციის მეთოდოლოგიურ ასპექტებში დახმარების მზაობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ასევე მზადაა უმძიმეს საკონსერვაციო მდგომარეობაში მყოფი ოშკის რეაბილიტაციის დაწყებამდე თურქულ მხარეს მიაწოდოს დროებითი მზიდი ხარაჩო და დაეხმაროს მის მონტაჟში, რაც მეტ დროს მისცემს თურქულ მხარეს კვლევებზე დაფუძნებული კვალიფიციური სარესტავრაციო პროექტის შესამუშავებლად.
თანამშრომლობის განახლებულ ეტაპზე, ორივე მხარე შეთანხმდა ურთიერთშეჯერებული ერთობლივი კვლევითი სამუშაოების განხორციელებიაზე, რაც 2 ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებს.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის სექტემბერში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ქართველი რესტავრატორების სამუშაო ჯგუფის პირველი ვიზიტი პარხალის ეკლესიის კედლის მხატვრობაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების პროცესში მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევის მიზნით თურქეთში უკვე შედგა. კედლის მხატვრობის კოსნერვაციის ქართველი წამყვანი სპეციალისტების დახმარებით სამუშაოები წარმატებით განხორციელდა.