რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხების მიმართ ზოგადი სამოქმედო პრინციპების შეთანხმებისა და დახვეწის მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრებს იწყებს. მუნიციპალიტეტების მერებთან და დარგობრივი მიმართულებების სამსახურის ხელმძღვანელებთან სააგენტოს გენერალური დირექტორის - ნიკოლოზ ანთიძის პირველი სამუშაო ვიზიტი ქვემო ქართლში შედგა. შეხვედრას სააგენტოს თანაინიციატორი ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენლობითი ჯგუფი და კომპანია „RMG“-ს დირექტორატი ესწრებოდა, რომელიც ქვემო ქართლში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მთავარი ფინანსური დონორია. სამომავლო თანამშომლობის კუთხით, სახელწმიფო ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დივერსიფიცირდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფინანსირების ვალდებულებები. ამ მიზნით, მომდევნო წლების ბიუჯეტებში საჭირო ფინანსურ ოდენობებს ადგილობრივი თვითთმმართველობებიც გაითვალისწინებენ. მუნიციპალური უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლების რენოვაციის პროექტების მომზადებისა და განხორციელების პროცესში. პარალელურად, რეგიონულ თვითმმართველობებს სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის საიტების მართვისა და განვითარების მიმართულებით ქმედით დახმარებას გაუწევს, რაც საკონსულტაციო მომსახურებასა და პროცესებში პრაქტიკულ თანამონაწილეობაში გამოიხატება. კომპლექსური პროექტების განხორციელებისას მხარეთა სამოქმედო გეგმები წინასწარ შეთანხმდება. თანამშრომლობის პროცესი შეეხება ქვემო ქართლის თვითმმართველობების ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სამუზეუმო ინფრასტრუქტურის სამომავლო მოწყობისა და მოდერნიზების საკითხებსაც. სააგენტოსთან ერთად, რეგიონის მუნიციპალური უწყებები ერთობლივად მოამზადებენ და განახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის ფორუმს, რომელიც ზაფხულში მოეწყობა. სამუშაო შეხვედრაზე ცენტრალურ და თვითმმართველ უწყებებს შორის საკოორდინაციო მექანიზმები კულტურული მეკვიდრეობისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ერთიანი სამოქალაქო მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიმართულებითაც შეთანხმდა. რეგიონის საზოგადოებრივი წრეებისა და სათემო გაერთიანებების ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს უწყებები არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრებთან ერთად განახორციელებენ. სამომავლოდ, პროცესში ჩართული უწყებები დეტალურად შეაჯერებენ ქვემო ქართლის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის სივრცეების ირგვლივ მდგრადი სათემო ეკონომიური განვითარების საფუძვლების შექმნისა და ხელშეწყობის სამოქმედო პროგრამასაც. რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხების მიმართ სამოქმედო პრინციპების შეთანხმების მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობებთან საქმიან შეხვედრებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო თვეებშიც განაგრძობს.