საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის 15 თებერვალს გაფართოებული საბჭოს ფორმატში განიხილავს ქალაქის მერიის მიერ წარმოდგენილ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებულ დოკუმენტაციას, რომელიც მისივე დაკვეთის საფუძველზე შ.პ.ს. გის და დამცავი ზონების საკონსულტაციო ცენტრმა ”გეოგრაფიკმა” მოამზადა.
საკითხის კომპლექსურობისა და აქტუალობიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას სააგენტო საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად სფეროში მომუშავე ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან ერთობლივად გეგმავს. შეკრებაზე წარმოდგენილნი იქნებიან – ორგანიზაცია ICOMOS საქართველო; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა და კვლევის ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საკონსულტაციო ცენტრი”გეოგრაფიკი”. განსახილველი თემის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტოს ინიციატივით საბჭოს სხდომას დაესწრება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლობაც. ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისათვის შემუშავებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგებს სააგენტო მოკლე დროშივე გაასაჯაროვებს, რაც პროცესის მიმართ პროფესიული წრეებისა და დარგობრივი გაერთიანებების ინტერესს დააკმაყოფილებს.