ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ფათალიანთ კოშკს, 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კოშკი ზურგიანია (5.7×4 მ), ოთხსართულიანი, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის სამხრეთ კედელში შესასვლელი კარია გაჭრილი. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან ხის ძელებით ნაწყობი თარაზული გადახურვა აქვს. ამავე კედლის მესამე და მეოთხე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სარკმელია მეოთხე სართულის დასავლეთ კედელშიც. დანარჩენ კედლებზე ყველა სართულს სწოკრუთხა ნიშები აქვს. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. კედლებში შემორჩენილია საძელე ფოსოები.ჩამონგრეულია მეოთხე სართულის ზედა ნაწილი. მთლიანად ჩაფლულია მცენარეულ საფარში. კოშკი სათავდაცვო-საბრძოლო არქიტექტურის ერთ-ერთი კარგად შემორჩენილი ნიმუშია