საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2018 წლის 4-5 ოქტომბერს აწყობს ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიას - ,,ფიროსმანი დღეს“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარები, ისტორიკოსები, რესტავრატორ-კონსერვატორები, სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები. სამეცნიერო სესია „ფიროსმანი დღეს“ გაიმართება 2-3 წელიწადში ერთხელ და თავს მოუყრის ყველა იმ სიახლეს, რაც მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და ინტერპრეტაციის მიმართულებით სპეციალისტებისა და საზოგადოებისათვის გასაცნობად იქნება მნიშვნელოვანი. 2018 წელს სამეცნიერო სესია „ფიროსმანი დღეს“ პირველად ჩატარდება. დღეს,თბილისში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ ცენტრში (ათონელის ქ. #9),ჩატარდა სესიის პირველი დღე, ხოლო ხვალ 5 ოქტომბერს სესია გაგრძელდება ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში (სოფ. მირზაანი).