საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონსულტაციო ჩართულობის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და დაფინანსებით კოჯორში, აზეულას ციხესიმაგრე განათდა. პროექტის ფარგლებში, რომელიც მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დედაქალაქის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი დაიხარჯა. ციხესიმაგრესთან ერთად, მხატვრულად განათდა ციხის ფერდობზე მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ლედ სანათებით აღიჭურვა ციხის მიმდებარე ტერიტორიაც. განათების ქსელის მოწყობის პარალელურად, აზეულას კომპლექსი სხვა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმაც მოიცვა - მოწესრიგდა ციხისკენ სავალი გზა, მოეწყო გზის მაჩვენებლები და საინფორმაციო დაფები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხის ფერდობზე მდებარე იუნკერების მემორიალს. მიმდინარე წელს განხორცილებულ პროექტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორთა ჯგუფი იყო ჩართული, რომელთა რეკომენდაციების მიხედვით წინასწარვე განისაზღვრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასანათებელი ობიექტები და ცალკეული სეგმენტები. სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად განისაზღვრა გასანათებელი ობიექტების სანათი მოწყობილობების ტექნიკური სპეციფიკაციებიც. ქ. თბილისის მთაწმინდის გამგეობის ხელმძღვანელებთან წარმოებული წინასწარი კონსულტაციებისას უკვე გამოიკვეთა აზეულას ციხის სარეაბილიტაციო პროგრამის სამომავლო მიმართულებებიც, რაც ციხის კომპლექსის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებთან ერთად, დარჩენილი ინფრასტრუქტურული კვანძების მოწესრიგებასაც გულისხმობს. მომდევნო წლებში განსახორციელებელი ფიზიკური სამუშაოების საპორექტო დოკუმენტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოამზადებს. კოჯორში, აზეულას ციხესიმაგრის ახლადგანხორციელებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის საპრეზენტაციო ღონისძიება დღეს ქ. თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან, კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად საზეიმოდ გახსნა.