ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. კუწახტაში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ამაღლების ეკლესიას , 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. დარბაზულია (4×3,2 მ). უაფსიდო. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი არქიტრავულია, ნაოთხალიანი. დარბაზი განათებულია აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი ოდნავ ოვალური სარკმლით. მის ქვეშ, კედელთან ქვით ტრაპეზია ამოყვანილი. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში თითო სხვადასხვა ზომის ნიშია. ტლანქად ნაწყობი კამარა მახევრადცილინდრული ფორმისაა. კედლები შიგნიდან შელესილია. აღმოსავლეთის ფასადზე, კეხში შირიმის ქვაზე ამოკვეთილი ჯვარია ჩასმული. ეკლესია ადგილობრივი მოსახლეობის მიერაა თუნუქით გადახურული. სამხრეთის კედელი შეთეთრებულია. იატაკად დაგებულია ბრტყელი აგურის ფილები. ჩრდილოეთის კედელს ვერტიკალურად ბზარი დასდევს.