მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (N02/49) ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა შეტანილ იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ელემენტისთვის სტატუსის მინიჭების ინიციატორი იყო საქართველოს საცხენოსნო ეროვნული ფედერაცია. ცხენოსნობასთან დაკავშირებული ტრადიციები საქათველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ეს არის კულტურა, რომელსაც ხელშეწყობა და შენარჩუნება ესაჭიროება, რათა სამომავლოდ საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში უფრო აქტიურად გაიმართოს საცხენოსნო თამაშობები, აღდგეს ცხენის აღკაზმულობის დამზადების ტრადიცია, მეტი ყურადღება მიექცეს ცხენის ადგილობრივი ჯიშების გამრალებას. საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში უკვე 41 კულტურული მემკვიდრეობის ელემენტია აღნუსხული. საქართველოს კულტურულ;ი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეგულარულად მუშაობს სხვა, ასევე მეტად მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციული ელემენტების აღნუსხვის საკითხზე. უახლოეს მომავალში საზოგადოებრივ ჯგუფებთან, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არა ერთ ელემენტს მიენიჭება.