ახმეტის მუნიციპალიტეტში,თუშეთში მდებარე ციხე-სოფელ დიკლოს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ციხე-სოფელი ძველი დიკლო (ამჟამად მიტოვებულია) სოფ. დიკლოს აღმოსავლეთითაა, სოფლიდან ორიოდე კმ-ის მანძილზე. სამანქანო გზა სოფ. დილკოსთან წყდება. აქედან კი, ნასოფლარისაკენ საცალფეხო ბილიკი მიემართება. საკუთრივ ნასოფლარი მაღალი, კლდოვანი მთის ერთ-ერთ განშტოებაზეა განლაგებული. სტრატეგიულად მეტად მოსახერხეველ ადგილად. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხრიდან მას დიდი, ფრიალო კლდეები ესაზღვრება და სრულიად მიუდგომელია. დასავლეთით და ნაწილობრივ სამხრეთითაც რელიეფი “წყნარია”. ერთადერთი ბილიკი ნასოფლარს სწორედ ამ მხრიდან, დასავლეთიდან ადგება. გეგმარებითი თვალსაზრისით, ნაგებობები მაღალი კლდეების თავზე საკმაოდ მოხერხებულად, კომპაქტურადაა განლაგებული და ერთ მთლიან, საფორტიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას ქმნის. იგი ამ ისტორიული მხარის ჩრდილოეთი საზღვრის და¬მცველ ავან¬პოსტს წარმოადგენს. ციხე-სოფელი გაშენებულია საკმაოდ რთული რელიეფის მქონე სამ ტერასაზე. რომელთაგანაც ქვედა, ძირითადად სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა. ზედა ორ ტერასაზე კი, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო ქუჩით უკავშირდებიან, მთლი-ანად საცხოვრებელი ნაგებობით იყო განაშენიანებული. შენობები ერთმანეთის მიჯრით დგას, მათი გარეთა კედლები საბრძოლო ზღუდეს ქმნის. ტერასის შუა, ყველაზე მაღალ ადგილას, კლდის წვერზე, ოთხკუთხა კოშკია აღმართული (შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე), რომელიც მთელი კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს. დანარჩენი ნაგებობების კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი, ზოგისგან კი, მხოლოდ კვალი იკითხება. ნაგებობები ძირითადად სამსართულიანია. ციხე-სოფლის ეს მონაკვეთი, დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებულია და მასში მოხვედრა მხოლოდ შუა ტერასაზე მდებარე კოშკის I სართულზე მოწყობილი ვიწრო (სიგანე 1 მ-მდეა) შესასვლელითაა შესაძლებელი, რომელიც მიწის დონიდან დაახლ. 1,2 მ სიმაღლეზეა და წინიდან საკმაოდ ვიწრო მისადგომი აქვს. ნასოფლარის ყველა შენობა ფიქლისაა, წყობა მშრალი. ქვედა ტერასის ყველაზე მაღალ ადგილას აგებულია ოთხკუთხა კოშკი, რომლის გვერდით იყო ყორით შემოფარგლული ეზო, როგორც ჩანს იგი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის სადგომს წარმოადგენდა. ციხე-სოფლის მეოთხე, ქვედა ტერასაზე, დაბლა, ჯგუფად, რამდენიმე ნაგებობაა განლაგებული.