საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისში სრულდება სამეცნიერო კვლევა ძიების მე-3 სეზონი, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორ გოდერძი ნარიმანაშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებს. ძალისის აკლდამის მიდამოებში 2 წლიანი დაზვერვების შედეგად მიკვლეულ უბანზე მიმდინარე სამუშაოებმა წელს უკვე ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. კვლევა-ძიების პროცესის შედეგად გამოვლენილია სამი სამარხი და დიდი არქიტექტურული კომპლექსი. გათხრების მნიშვნელოვან აღმოჩენას მიეკუთვნება თიხის ბულა, რომელზეც სასანიანი შაჰი შაპურ IV გამოსახული, ხოლო გამოსახულების გარშემო მოთავსებული არამეული წარწერა კი ამ ბულით დაბეჭდილ წერილობით გზავნილს ეკუთვნის, რომელიც დიდი ალბათობით უშუალოდ შაჰის კანცელარიიდან იყო იბერიის სამეფოში გამოგზავნილი. არქეოლოგების წინასწარული დასკვნის მიხედვით დიდ არქიტექტურულ ნაგებობაში აღმოჩენილი ბულა, მინის ჭურჭელი, თიხის ჭურჭელი და კრამიტი არქეოლოგიურ კომპლექსს ჩვ. წელთაღრიცხვის III – IV სს. ათარიღებს. მიუხედვად იმისა, რომ დიდი ნაგებობის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის გრანდიოზულ და მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს, რაზეც ნაგებობის კედლების ზომები და იქ აღმოჩენილი არტეფაქტები მიანიშნებენ. მეცნიერები არ არის გამორიცხავენ, არქიტექტურული ნაგებობა სატაძრო კომპლექსს, ან მის ნაწილს წარმოადგენდეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, სამეცნიერო კვლევა ძიების სამუსაოების ძალისას კომპლექსზე მომავალ წელსაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებში არქეოლოგებს კიდევ მეტი ისტორიულ -კულტუროლოგიური ინფორმაციის მოპოვების იმედი აქვთ. * ძალისის ნაქალაქარი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისში მუხრანის ველზე მდებარეობს. ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ხანების ნაქალაქარი გაშენებული ყოფილა მდ. ნარეკვავის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით. ნაქალაქარი იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან (ძალისსა), რომელსაც ახ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი (ბერძნ. Κλαύδιος Πτολεμαίος; ახ.წ. 87 – 165 წწ.) „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს. 1971-1995 წწ. ძალისასა და მის მიდამოებში არქეოლოგიურ სამუშაოებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებდა.