ახმეტის მუნიციპალიტეტში,თუშეთში მდებარე ნასოფლარ ჰეღოს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ნასოფლარი მდებარეობს პირიქითის ალაზნის ხეობაში, სოფ. გირევის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლ. 2 კმ-ის მანძილზე. ნასოფლარი მდინარის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ციცაბო კალთაზეა განლაგებული. ნაგებობების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა მოღწეული, ნაწილი კი მხოლოდ გეგმის დონეზეა შემორჩენილი. შედარებით უკედაა მოღწეული ოთხი კოშკი და ნასოფლარის ზემოთ მდებარე იოანე ნათლისცემლის ხატი. იოანე ნათლისმცემლის ხატი, კომპლექსი, მდებარეობს ნასოფლარის ჩრდ-ით, მთაზე. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. კოშკები, მდებარეობს ნასოფლარის განაპირას, აღმ-ით. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. სხვადასხვა დონეზე, ერთმანეთისაგან 8 მ-ის დაშორებით, დგას ორი კოშკი. ორივე ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკებში კუთხეები ყველა სართულზე გამაგრებულია დიაგონალურად გადებული ორ-ორი მოგრძო ფიქლით კოშკებს შორის შემორჩენილია გვიანდ. ნაგებობის დას. კედელი, რომელშიც კარი, სარკმელი და სწორკუთხა ნიშია. ეს კედელი კოშკების დას. კედლებთან ერთად ერთ სიბრტყეს ქმნის. კედლის პირდაპირ მშრალი წყობით ნაგები ფიქლის ტერასაა. კედელიც და ტერასაც რელიეფს მიჰყვება.