გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. კირბალში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ტაძარი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობას სამხრეთით განთავსებული აქვს კარი და ორი თაღოვანი სარკმელი. თითო ასეთივე სარკმლის ღიობი აქვს აღმოსავლეთ და დადასავლეთ ფასადებზეც. სწორკუთხა აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზის განივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით თითქმის ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. კამაროვანი გდახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთის კედლის მიმდებარე და აფსიდის მარტივპროფილიან პილასტრებზე დაყრდნობილ თაღებს. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ამჟამად საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს მისი არქიტექტურული და ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.