ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის რეგიონებში განაგრძობს ფართო საზოგადოებისთვის მასშტაბური პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ გაცნობის პროცესს. პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობის“ წარდგენა 10 ივლისს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება, სადაც ღონისძიების ფარგლებში თეატრალიზებული პერფორმანსიც მოეწყობა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან. დაარსების დღიდან 1 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ კლუბში პარტნიორების რაგნგში გაწევრიანებულ ბიზნეს კომპანიებსა და სახელოვნებო გაერთიანებებს დღეს კიდევ ერთი მეგობარი ორგანიზაცია შეემატება. კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თბილისის მუნიციპალურ თეატრ “გლობუსთან“ გააფორმებს. გაფორმებული დოკუმენტის საფუზველზე კი კლუბის წევრებისთვის თეატრ „გლობუსის“ წარმოდგენები სპეციალური ფასდაკლების პაკეტით გახდება ხელმისაწვდომი. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში „გლობუსის“ თეატრალური დასი დამსწრე საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლ “პარტახს“ შესთავაზებს, რომელიც რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის მიერაა დადგმული. სტუმრებისთვის უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ტრადიციული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვასაც დაეთმობა. საზეიმო ღონისძიება უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე 20 საათზე დაიწყება. * კლუბი „ემეგობრე მემკვიდრეობას’’ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით 2017 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. მის მიზანს, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პარტონობის საქმეში საზოგადოების ფართო წრეების უშუალო თანამონაწილეობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების უზრუნველყოფა წარმოადგენს. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს - ფიზიკურ პირებს, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების თანამშრომლებს, პროფესიული, სამოქალაქო თუ სხვა გაერთიანებების წარმომადგენლებს ნებაყოფლობით შეუძლია. „ემეგობრე მემკვიდრეობას“ კლუბში რეგისტრაცია ვებ გვერდ www.heritagesites.ge -ს მეშვეობით უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კლუბის წევრი, თავისი ფინანსური შენატანით, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესის თანამონაწილე ხდება. თანადაფინანსებით სახით, კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ წევრების საწევრო გადასახადებით (წლიური - 50 ლარი სტანდარტული პაკეტი; 100 ლარი - VIP პაკეტი) აკუმულლირებული თანხები იმ 6 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციაზე მიიმართება, რომლებიც სოციალური გამოკითხვის გზით შეირჩა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის პროგრამულ ნუსხაში უკვე მოხვდა. ამ ძეგლებზე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები კლუბის საწევრო გადასახადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო და კერძო საქველმოქმედო ფონდებიდან მოზიდულ სახსრებთან ერთად, თანადაფინანსების წესით განხორციელდება. გაწევრიანების შემთხვევაში, კლუბის წევრი საწევრო ბარათს მიიღებს, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ გაერთიანებული მუზეუმ-ნაკრძალებსა და მეზეუმებში, სხვა უწყებების სამუზეუმო და კულტურულ დაწესებულებებსა და პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების კომერციულ ობიექტებში სპეციალური შეღავათებით ისარგებლებს.